top of page
Search
  • Writer's pictureLevan Babukhadia

რამოდენიმე მოსაზრება საქართველოში Covid19-ის პანდემიაზე:

Updated: Apr 27, 2020

24 მარტი, 2020 წ.


1. აქ განვიხილავთ პანდემიის პირველ ფაზას, რომელიც პირობითად არის 3-4 თვის პერიოდი პანდემიის დაწყებიდან. ყველა მონაცემები და შეფასებები ქვემოთ იქნება მხოლოდ ამ პერიოდისთვის (და არა ზოგადად ან უფრო ხანგრძლივ პერიოდებზე, რაც ცალკე განსჯის საგანი შეიძლება იყოს სხვა დროს).


2. ჯერჯერობით, მსოფლიოს ქვეყნების მონაცემებზე დაყრდონობით თუ ვიმსჯელებთ, პირველ ფაზაში ინფიცირებულთა რაოდენობა წარმოადგენს საშუალოდ 200 ადამიანს ქვეყნის მილიონ მოსახლეზე. თუმცა, ისეთ ექსტრემალურ სიტუაციებში, როგორიცაა მაგალითად იტალიის სამწუხარო მაგალითი, ეს შეფასება ადის 1000-1200 ადამიანზეც კი მილიონ მოსახლეზე (ზოგ აშკარა აბერაციებს თუ გამოვრიცხავთ მცირერიცხოვანი ქვეყნებისას).


3. შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამ პირველ ფაზაში, საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობა იქნება სულ საშუალოდ 700 ადამიანი. ხოლო ექსტრემალურ, „იტალიის“ სცენარში კი სადღაც 5250 ადამიანი. საქართველოში დღესდღეობით მოსახლეთა რაოდენობა ჩავთვალე 3,5 მილიონი ხოლი „იტალიის“ სცენარში კიდევ უფრო კონსერვატორულად ავიღე 1500 ადამიანის ინფიცირება მილიონ მოსახლეზე. მივყვეთ ამ რიცხვებს. ესე იგი, საშუალოდ 700 ინფიცირებული; ძლიერ ექსტრემალურ სცენარში კი 5250.


4. კარგადაა დადგენილი მსოფლიო ქვეყნების სტატისტიკით დღემდე, რომ ინფიცირებულთა 20% მიმართავს საავადმყოფოს და მათ სამკურნალოდ საჭირო ხდება მათი საავადმყოფოში მოთავსება, ანუ ჰოსპიტალიზირება.


5. შესაბამისად, გამოდის, რომ პირველ ფაზაში უნდა ველოდოთ საშუალოდ 140, ხოლო ექსტრემალურ სცენარში კი 1050 ჰოსპიტალიზირებულს. ეს ნიშნავს, რომ მინიმუმ ამდენი საავადმყოფოს ადგილის ქონებაა საჭირო პირველ ფაზაში.


6. რაც შეეხება სიკვდილიანობას. როგორც ჩანს, ამ ვირუსთან დაკავშირებული „უშუალო“ სიკვდილიანობა არის არა უმეტეს 1%-ისა. ამ კონტექსტში, „უშუალოში“ ვგულისხმობთ იმას, რომ ყველა დაავადებულს მიეხედა მაქსიმალურად მაგრამ, ამისდა მიუხედავად, მაინც ვერ მოხერხდა სიკვდილიანობის რაღაც რაოდენობის თავიდან აცილება. სწორედ გარდაცვლილთა ეს, ასე ვთქვათ, გარდაუვალი რაოდენობა იგულისხმება ტერმინში დაავადების „უშუალო“ სიკვდილიანობა. ის, რომ ეს „უშუალო“ სიკვდილიანობა არის 1%-ის ფარგლებში დასტურდება ბევრი ქვეყნის მაგალითზე, მაგრამ ალბათ ყველაზე სანდო მონაცემები ამ მხრივ სამხრეთ კორეიდანაა.


7. მხოლოდ მაშინ, როცა სამედიცინო სისტემა აღწევს თავის ზღურბლს და ვეღარ აუდის დაავადებულთათვის საჭირო მკურნალობას, იწყება გარდაცვლილთა რაოდენობის სწრაფი ზრდა, დაავადების „უშუალო“ სიკვდილიანობაზე მეტად. თუ საქართველოში საავადმყოფოების ტევადობა აღემატება ზემოთ შეფასებულ ჰოსპიტალიზირებულთა რაოდენობას, მაშინ ჩვენთან არ უნდა ველოდოთ ასეთ ზღურბლის ეფექტს. ამისთვის ასევე აუცილებელია, შესაბამისი რაოდენობის სასუნთქი აპარატების არსებობა ჩვენს საავადმყოფოებში.


8. კიდევ ერთხელ გავუსვამთ ხაზს იმას, რომ „უშუალო“ სიკვდილიანობა შეიძლება იყოს მხოლიდ 1% (ან ნაკლები) მაგრამ სისტემის ზღურბლზე მისვლის შემთხვევაში, შესაძლოა სიკვდილიანობა რამოდენიმეჯერ უარესი გახდეს „უშუალოზე“. იტალიაში, მაგალითად, 10-ჯერ უარესი შეიქმნა სიკვდილიანობა და 10%-საც კი მიაღწია. ამდენად, ვირუსის გავრცელების შემაკავებელი ზომების შემდეგ, სამედიცინო სისტემის ტევადობაა უპირველესი და უმნიშვნელოვანესი ფაქტორი მსხვერპლის მინიმუმამდე დასაყვანად!


9. თუ არ ვაღწევთ სამედიცინო სისტემის ზღურბლს, მაშინ ამ შეფასებებით და 1%-იანი „უშუალო“ სიკვდილიანობის მაჩვენებლის გათვალისწინებით ვიღებთ, რომ პირველ ფაზაში მოსალოდნელ გარდაცვლილთა რაოდენობა საქართველოში უნდა იყოს საშუალოდ 7 ხოლო ექსტრემალურ სიტუაციაში 53 ადამიანი.


10. საბედნიეროდ, ექსტრემალური სიტუაცია საქართველოში ნაკლებ მოსალოდნელია, რადგან თავიდანვე სახელმწიფოს მიერ მიღებული იქნა გავრცელების შემაკავებელი ზომები, განსხვავებით, მაგალითად, იტალიისაგან, ესპანეთისაგან და გერმანიისაგანაც კი, რაც იყო პირველი და აუცილებელი ნაბიჯი ვირუსის გავრცელების და, შესაბამისად, სისტემის ზღურბლის თავიდან ასაცილებლად.


11. რამდენად ზუსტად შეიძლება ამ ციფრების, 7 და 53 წინასწარმეტყველება? რა თქმა უნდა ამ შეფასებაში არის ბევრი დაშვება და ჰიპოთეზა პირდაპირ ან ირიბად გამოყენებული და ნავარაუდები და უფრო გამართლებული იქნება ამ ციფრების შემდეგნაირად წარმოჩენა. Sars-CoV-2 ვირუსის „უშუალო“ სიკვდილიანობას საქართველოში გავრცელების პირველ ფაზაში უნდა ველოდოთ საშუალოდ 5-10 ადამიანამდე. ხოლო ვითარების ძალზე ექსტრემალურად განვითარების შემთხვევაში, სადღაც 40-80 ადამიანამდე. აქვე დავძენთ, რომ ეს საშუალო შეფასება ეყრდნობა მსოფლიოში მილიონ სულ მოსახლეზე ინფიცირებულთა საშუალო მაჩვენებელს. შესაბამისად, სავსებით დასაშვებია, რომ ჩვენი საშუალო შეფასება 5-10 გარდაცვლილისა პირველ ფაზაში იყოს კონსერვატორული და რეალობა იყოს ამაზე საგრძნობლად ნაკლები, რადგან საქართველომ ბევრ სხვა ქვეყანაზე უკეთ და დროულად განახორციელა შეკავების ზომები.


12. ყოველი დაკარგული სიცოცხლე უაღრესად გულდასაწყვეტია და საქართველოში გარდაცვლილთა რიცხვი არასოდეს გახდება უბრალოდ სტატისტიკა, მაგრამ საღი თვალით დანახული შეფასება გვიჩვენებს, რომ მოსალოდნელი სიტუაცია საქართველოში უნდა იყოს არცთუ ისე ცუდი და გაცილებით უკეთესიც კი ვიდრე მსოფლიოს ბევრ სხვა ქვეყანაში. (როგორც მოგეხსენებათ, იტალიაში ბოლო ერთი კვრის მანძილზე საშუალოდ დღეში კვდება დაახლოებით 500 ადამიანი!)


13. ამავდროულად, სიტუაციის მუდმივად ყურადღებით მონიტორინგს შეუძლია ბევრი რამ გვითხრას რეალურად მიმდინარე პროცესებზე. სავსებით დასაშვებია, რომ ზემოთ მოტანილი შეფასებები და წინასწარმეტყველები უფრო უზუსტო აღმოჩნდეს ვიდრე ეს დღეს ჩვენ გვგონია. მაგრამ ერთი რამ კარგად უნდა გვახსოვდეს და საკმაოდ საიმედო ფაქტად შეგვიძლია მივიღოთ:

ყოველმხრივ ნაკლებად მოსალოდნელ სცენარში, თუ გარდაცვლილთა რაოდენობა დაიწყებს გადააჭარბოს 1%-ს და ასცდება 2%-ის ნიშნულს საქართველოში, მაშინ უდიდესი ალბათობით აუცილებლად ეჭვია მისატანი სამედიცინო სისტემის ტევადობაზე და ზღურბლის პრობლემაზე. ეს არის ალბათ ყველაზე კარგი და საიმედო მანიშნებელი, რითაც ყოველ ჩვენთანგანს შეუძლია იხელმძღვანელოს და მარტივად შეაფასოს რეალური სიტუაცია ყოველგვარი კონსპირაციის თეორიების მოხმობისა და ზედმეტი შფოთვის გარეშე.


14. საქართველოში Covid19 პანდემიის აქ მოყვანილი ობიექტურად პოზიტიური პროგნოზი არ უნდა გახდეს იმის საბაბი, რომ არასერიოზულად მოვეკიდოთ ვირუსის გავრცელების შემაკავებელ ზომებს. პირიქით, იმედია, ეს პოზიტიური პროგნოზი გახდება მოტივაცია ყოველი ჩვენთაგანისთვის, რომ უფრო დიდი ძალისხმევითა და მონდომებით მოვეკიდოთ ჩვენს ვირუსთან ბრძოლის მოვალეობას ზუსტად ისევე, როგორი მოვალეობის გრძნობითაც ჩვენი წინაპრები იბრძოდნენ ჩვენი მიწა-წყლის დასაცავად საუკუნეების მანძილზე; რამეთუ, აქ მოყვანილი ანალიზიდან გამომდინარე, ეს სავსებით და სრულად ჩვენს ხელთაა და შეგვიძლია ჭკვიანური და ეფექტური ძალისხმევითა და მონდომებით დავამარცხოთ ეს უხილავი მტერი და მივაღწით სამაგალითო შედეგებს, რითაც ჩვენი როგორც დღევანდელი ასევე მომავლი თაობები მხოლოდ იამაყებენ.


20 views0 comments
bottom of page