top of page
Search
  • Writer's pictureLevan Babukhadia

აუცილებელია Covid-19-ით ჰოსპიტალიზირებულთა სტატისტიკა!

Updated: Apr 27, 2020

ნიუ იორკის შტატის (მოსახლეობა ~20 მლნ.) გუბერნატორი ყოველდღიურად ატარებს ბრიფინგს პლიუს პრეს-კონფერენციას Covid-19 პანდემიასთან დაკავშირებით.

მისი ყოველი ბრიფინგი იწყება ნიუ იორკის შტატში Covid-19-ით დაავადებულთა ჰოსპიტალიზაციის სიტუაციის დეტალური მიმოხილვით - გვიჩვენებს დღიურ ცვლილებას: (ა) ჰოსპიტალიზირებულთა, (ბ) დამძიმებულთა, (გ) ინტუბირებულთა, და (დ) გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაში. ოღონდ ეს დღიური ცვლილებები აუცილებლად ნაჩვენებია ისტორიულ კონტექსტში, პანდემიის დაწყებიდან მოყოლებული, ყოველდღიურად, როგორც მისი პრეზენტაციის ერთ-ერთ სლაიდში ხედავთ.


აი მის მიერ მოწოდებული ყოველდღიური ჰოსპიტალიზირებულთა ინფორმაციის კომპილაცია:

რატომ იწყებს გუბერნატორი კუომო მის ყოველდღიურ ბრიფინგს ჰოსპიტალიზირებულთა სიტუაციის მიმოხილვით?


იმიტომ, რომ პანდემიის საერთო მდგომარებიის ერთადერთი პირდაპირი და სანდო მაჩვენებელია ჰოსპიტალიზირებულთა სიტუაცია. რა თქმა უნდა, სიკვდილიანობასთან ერთად, რომელიც ჩვენთან, ღვთის წყალობით, დაბალია და შესაბამისად კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის ჰოსპიტალიზირებულთა სიტუაციის გამჭვირვალედ წარმოჩენას.


მართლა და მართლა რა გახდა საქართველოში Covid-19-ით დაავადებულთა ჰოსპიტალიზაციის ყოველდღიური სისტემატიური სტატისტიკის შედგენა და სადმე ცენტრალურ ვებ-გვერდზე განთავსება, თუნდაც https://stopcov.ge/ -ზე?


ესეც ხომ არაა პოლიტიკურად ანგაჟირებული ან ფინანსურად მოტივირებული მოთხოვნა?


ამაზე მნიშვნელოვანი და უტყუარი ინფორმაცია სხვა რა გვაქვს ხელთ?


აქ ხომ არაა ტესტირებასთან დაკავშირებული სირთულეები, როგორიცაა თუნდაც ტესტირების ცდომილებები, ცრუ პოზიტივები და ცრუ ნეგატივები, და ა.შ.?


ეს ინფორმაცია ხომ გააქარწყლებდა ყოველგვარ სპეკულაციებს, აზრთა სხვადასხვაობას, მითქმა-მოთქმებსა და კონსპირაციის თეორიებს და სოლიდურად, საიმედოდ და მყარად წარმოაჩენდა ქვეყანაში პანდემიასთან დაკავშირებით შექმნილ სიტუაციას?


ხომ გასაგებია ყველასთვის, რომ ამ ინფორმაციის მოგროვებასა და განთავსებას მინიმალური რესურსი სჭირდება?


თუ პრობლემა ინფორმაციის ორგანიზება და პრეზენტაციაა, მე შემოგთავაზებთ ჩემს დახმარებას. არაა არანაირი პრობლემა, სულ ნახევარი საათის საქმეა ყოველდღიურად და მივხედავ ამ ყველაფერს, ოღონდ მონაცემები მომაწოდეთ. მონაცემების მოგროვებაც ხომ სადღაც იგივე ნახევარი საათის საქმეა ჯანდაცვის სამინისტროსთვის, ყველა საავადმყოფოდან 4-5 რიცხვის მოგროვება ყოველდღიურად?


წამოუდგენელია ამ ინფორმაციის გარეშე როგორ უნდა ენდოს ქვეყნის მოსახლეობა და მთავრობა მხოლოდ ტესტირების შედეგებს. სულ რომ არაფერი, რით, რა მეთოდებით ვაკონტროლებთ ტესტირების შედეგებს, რაც ესოდენ კრიტიკული და სტრატეგიული მნიშვნელობისაა ქვეყნისთვის მოცემულ სიტუაციაში?


გასაოცარია, რომ WHO-ც კი მგონი არ ითხოვს, ყოველ შემთხვევაში, მკაცრად არ ითხოვს, ჰოსპიტალიზირებულთა მონაცემებს ქვეყნებისგან. თუმცა, ასეთი უნიათო და კორუმპირებილი ორგანიზაციისაგან რატომ უნდა იყოს ეს გასაკვირი? იმიტომაც დადო ამ სამარცხვინო ორგანიზაციამ საოცრად უპასუხისმგებლო დასკვნები Covid-19 პანდემიასთან მიმართებაში.


დაბოლოს, აი ნიუ ჯერსის შტატის (მოსახლეობა ~9 მლნ.) COVID-19 'დეშბორდი' და ჰოსპიტალიზირებულთა სტატისტიკა, ყოველდღიური, ისტორიულთან ერთად.


ნიუ ჯერსის გუბერნატორი მერფი ამით იწყებს მის COVID-19 ყოველდღიურ ბრიფინგ/პრეს-კონფერენციებს.




116 views0 comments
bottom of page