top of page
Search
  • Writer's pictureLevan Babukhadia

კორონავირუსის დოზირება?

როგორც ჩანს, კორონავირუსი არ აპირებს უცებ გაქრეს. რაღაც პერიოდი მაინც მოგვიწევს მასთან თანაცხოვრება. მაგრამ როგორ?


რაც უფრო მეტი კვლევა კეთდება, მით უფრო ცხადი ხდება, რომ ამ ვირუსის ლეტალობა არც ისე მაღალია, როგორც თავიდან გვეგონა და სავარაუდოდ სადღაც ~0.5% ან კიდევ უფრო დაბალიცაა. (შესადარებლად, სეზონური გრიპის ლეტალობა ~0.1% ის ფარგლებშია).


მისი გავრცელებადობა კი უფრო მაღალია, ვიდრე თავიდან გვეგონა. (ლეტალობა და გავრცელებადობა გარკვეულწილად ურთიერთდაკავშირებულიცაა, მაგრამ ამ წიაღებში სვლა არაა დღევანდელი პოსტის მიზანი.)


ასევე ცხადი ხდება, რომ გაცილებით მეტი არასიმპტომატურია, ვიდრე თავიდან გვეგონა.


როგორც ჩანს, სიმპტომატურობა ძირითადად მაინც იმაზეა დამოკიდებული, თუ ვირუსის რა თავდაპირველი რაოდენობა ან დოზა „მიიღო“ ადამიანმა; ანუ მაშინ, როცა მას თითქმის არანაირი სპეციფიური იმუნიტეტი არ ჰქონდა გამომუშავებული ამ ვირუსის მიმართ.


„თითქმის“-მეთქი იმიტომ, რომ ჩვეულებრივი გაციების დაახლოებით 15-20% მოდის ადამიანში არსებულ სხვა კორონავირუსებზე. SARS-CoV-1-ისა და MERS-ის გარდა ჩვენში არსებობს კიდევ ოთხი ტიპის კორონავირუსი, რომლებიც ძირითადად მსუბუქ გაციებას იწვევს.


რა თქმა უნდა, სიმპტომურობა დიდად არის დამოკიდებული ბევრ სხვა ფაქტორზე, როგორიცაა ადამიანის იმუნური სისტემის ზოგადი მდგომარება, თანმხლები დაავადებები, ასაკი, და ა.შ. ამაზე არც არავინ დავობს და ამას არც არავინ უარყოფს.


მაგრამ, ამავდროულად ისეთი სურათი იკვეთება, რომ იმის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი, თუ რამდენად მძიმედ ავადდება ადამიანი კორონავირუსით, არის თავდაპირველი ვირუსის „დოზა“ რაც მან „მიიღო“. კიდევ ერთხელ, თავდაპირველში აქ ვგულისხმობთ მაშინ, როცა მას თითქმის არანაირი სპეციფიური იმუნიტეტი არ ჰქონდა გამომუშავებული SARS-CoV-2-ის მიმართ.


რაც მცირეა ეს საწყისი დოზა, მით უფრო იოლად გადააქვს ადამიანს და მით უფრო ასიმპტომატურია ის. თუმცა, ამავდროულად ხდება ამ ჯანმრთელი ადამიანის იმუნური სისტემის სტიმულირება და გარკვეული იმუნური პასუხის გამომუშავება და დასწავლა.


თუ ადამიანს შეხვდება ვირუსის მორიგი მცირე დოზა, ამ პათოგენს უკვე წინა დოზის შედეგად დასწავლილი იმუნური სისტემა ხვდება. ამავდროულად მიმდინარეობს იმუნური სისტემის შემდგომი სტიმულირება და კიდევ უფრო კარგად დასწავლა იმ გზების, რითაც უნდა გაუმკლავდეს ორგანიზმი ამ პათოგენს ორივე, არასპეციფიური და სპეციფიური იმუნური სისტემების მეშვეობით.


ასეთი პროცესების განვითარების შედეგად, ადამიანს ნელ-ნელა გამოუმუშავდება იმუნიტეტი ამ დაავადების მიმართ.


იოლი დასანახია, რომ მთელი ეს პროცესი ვაქცინის და აცრის ბუნებრივი ანალოგიაა.


მთავარია, რომ, რაღაც დროის განმავლობაში, საწყისი და ყოველი შემდგომი მიღებული დოზა არ იყოს დიდი!


საიდან უნდა მივიღოთ ასეთი მცირე დოზებით კორონავირუსი?


ამის ორად ორი გზა არსებობს. ერთია ვაქცინით აცრა, ხოლო მეორე - ბუნებრივი გზით, ჯანმრთელი და ნაკლებ სიმპტომური ადამიანებისგან "გადადება"!


რაც უფრო მძიმედაა დაავადებული ადამიანი, მით უფრო დიდ დოზას მივიღებთ მისგან. ეს ალბათ ცხადზე ცხადია.


ასევე, რაც უფრო გაჯერებულია გარშემო ჰაერი კორონავირუსის მატარებელი წყლის ბუშტულაკებით, მით უფრო დიდ დოზას მივიღებთ. ეს ნაკლებად შესაძლებელია გარეთ, სუფთა ჰაერზე და მეტად - დახურულ შენობებსა და ოთახებში.


შესაბამისად, შემაკავებელი და მიტიგაციის ფიზიკური დისტანცირების ზომების შემდგომი ეტაპებისთვის, უპრიანი უნდა იყოს შემდეგი ზომების გატარება:


1. განსაკუთრებით დავიცვათ მაღალი რისკის მოსახლეობა და მოვახდინოთ მათი იზოლაცია;


2. ნელ-ნელა გავხსნათ იზოლაცია დაბალი რისკის, ჯანმრთელი მოსახლეობისთვის. დისტანცირებით, პირბადეებითა და პირადი ჰიგიენის დაცვით შესაძლებელია, მივაღწიოთ გადაცემების დაბალ დოზებს;


3. ჯანმრთელი მოსახლეობის იზოლაციის შემცირება ერთდროულად ორ მიზანს აღწევს:


(ა) ვირუსის გადადება თუ ხდება, ხდება მცირე დოზებით;


(ბ) ევოლოციური გადარჩევით ეფექტურად ხდება ვირუსის იმ შტამპის „მოშინაურება“, რომელიც ნაკლებად მავნებელია!


4. ყურადღებით ვაკონტროლოთ ვირუსის გავრცელების მაჩვენებლები საზოგადოებაში:


(ა) ყოველდღიურად აღირიცხოს საავადმყოფებში ჩიველები, მიღება, გაწერა, დამძიმება და მუდმივადა ვადაროთ ბოლო დღეებისა და კვირეების მაჩვენებლებს;


(ბ) გავაფართოოთ „ბრმა“ ტესტირება მაგ. ანტისხეულების;


(გ) გავაგრძელოთ და გავაფართოოთ ცხელების ცენტრები და სიმპტომატურების ტესტირება კორონავირუსზე.

თუ, მაგალითად, იზრდება საავადმყოფოებში მომჩივანთა რაოდენობა ან პოზიტივთა რაოდენობა, უნდა მივუბრუნდეთ ფიზიკური დისტანცირების ზომებს, და ა.შ.


საბოლოოდ, ამ გზით ყველაზე ეფექტურად, მარტივად და მინიმალური დანაკარგებით შეგვიძლია მივაღწიოთ პოპულაციურ (ჯოგურ) იმუნიტეტს და შევეგუოთ ვირუსთან თანაცხოვრებას.


სწორი მართვით, შეგვიძლია მივაღწიოთ ეფექტურად იგივე შედეგებს, რის მიღწევასაც გვპირდებიან ვაქცინით და აცრით. ოღონ, სიმართლე ითქვას და, მსოფლიო იმუნოლოგები ზოგადად მაინცა და მაინც დიდად ვერ დაიკვეხნიან აცრებთან მიმართებით კარგი შედეგებით.


არც აცრების სჯერა ღრმად ხალხს და სეზონურ გრიპზე აცრების შედეგები თავისთავად მეტყველებს მათ, მსუბუქად რომ ვთქვათ, ნაკლებ წარმატებულობაზე.


პლიუს ამისა, არანაირი გარანტია არ არსებობს იმისა, რომ, მიუხედავად უამრავი დაპირებებისა, მართლაც შესაძლებელი იქნება ამ კორონავირუსის ვაქცინის შექმნა საერთოდ ან თუნდაც რაიმე პრაქტიკულად მისაღებ დროში.

ამგვარად, ნაცვლად იმისა, რომ ველოდოთ დანარჩენ მსოფლიოს სანამ შექმნიან და ჩვენთვის გაიმეტებენ ან ვაქცინას ან წამალს, აუცილებელია, ჩვენი ძალებითა და გამოცდილი მეთოდებით შევეცადოთ სიტუაციაზე კონტროლის მიღწევას.


დარწმუნებული ვარ, სხვა ჩვენი ზომის ქვეყნებიც მიმართავენ ასეთ ზომებს და მათთან კონსულტაციებია აუცილებლად საჭირო.


მაგრამ ერთი რამ ცხადია - გულხელდაკრეფილად მხოლოდ იზოლაციაში ჯდომა არ გამოგვადგება!


ჯანდაცვის სწორი, მეცნიერულად დაფუძნებული და გაკონტროლებული პოლიტიკის გატარებით შესაძლებელი უნდა იყოს სამაგალითო შედეგების მიღწევა საქართველოში.


ქვეყნის შედარებით მცირე პოპულაცია, ზოგადად გენეტიკური მედეგობა და ასევე პანდემიის პირველი ეტაპის სამაგალითოდ წარმატებული მართვა უნდა იძლეოდეს ამის შესანიშნავ წინაპირობას!


რა თქმა უნდა, ამის განხილვაც კი წარმოუდგენელი იყო სულ ცოტა ხნის წინ, როცა ამ ვირუსზე ასე ცოტა რამ ვიცოდით, როცა საჭირო იყო ფოკუსირება პირველი ტალღის შეკავებაზე. მაგრამ, ვხედავთ რა ვირუსის დაბალ ლეტალობას, მაღალ გავრცელებადობას, ვაქცინის შექმნის სირთულეებს, მძიმედ დაავადებულთათვის საჭირო თერაპიის სირთულეებს, არასიმპტომატურთა დიდ რაოდენობას, და ა.შ., დროულად უნდა გამოვიყენოთ ეს ახლად შეძენილი ცოდნა და გამოცდილება რათა შემოვატრიალოთ ის ჩვენდა სასიკეთოდ და ვირუსთან შეგუების ეფექტური გზების საძიებლად, ჩვენივე ძალებით.

267 views0 comments
bottom of page